პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე დააკავეს. კიდევ ორი პირი მიმალვაშია, მათი დაკავების მიზნით კი აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დავით შარაშიძემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. ბრალდებულებმა სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც პოლიციელმა სახისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში დაზიანებები მიიღო.
სამართალდამცველებმა დავით შარაშიძე მომხდარიდან მალევე დააკავეს, ხოლო ორი პირი ამ დროისთვის მიმალვაშია. მათი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პრიმა მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით.
გამოძიების დასრულებამდე, ინციდენტში მონაწილე დაზარალებული პოლიციელი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილია შსს კადრების განკარგულებაში.