,,პირდაპირ თავდასხმაა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელსაც უვარდებიან შენობაში ნაციონალური მოძრაობის ცენზორები და მის სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლას ცდილობენ”-შალვა პაპუაშვილი
„შეხედეთ მოლდოვასა და უკრაინას, შეხედეთ რა უქნეს იქ მედიას. ყველა ვინც არ ეთანხმებოდა ცალკეული პოლიტიკური ისტებლიშმენტის აზრს, ეს ტელევიზიები უკრაინაში ან აჩუქებინეს (და გვეცნობა ნაციონალური მოძრაობის ხელწერა) სახელმწიფოსთვის თუ შესაბამისი ჯგუფებისთვის და მოლდოვაშიც რამდენიმე ტელევიზია ასე დახურეს და კრიტიკული აზრი ასე ჩაასხეს. ეს არის მეთოდები, რომლებიც ჩვენ 2012 წლამდე ვნახეთ და აუცილებლად ბულდოზერითაც მიადგებიან და კედელთანაც მიაყენებენ მათ, ვისაც არ ეთანხმებიან. ეს არის ბოლშევიკური მეთოდები, 100 წლის წინ რაც მოხდა საქართველოში, მაშინაც გარედან მოგვახვიეს თავს ბოლშევიზმი და მაშინაც ტყავის ლაბადიანი და მაუზერებიანი ქალები და კაცები დარბოდნენ, მიადგებოდნენ ხან ერთ მეცნიერს, ხან მეორე პედაგოგს, ხან მესამე ხელოვანს გამოიყვანდნენ სახლიდან და ტროიკები ასამართლებდნენ. 100 წლის თავზე რა ხდება დღეს – ასევე გარედან თავსმოხვეული 21-ე საუკუნის ბოლშევიზმი, ასევე ქალები და კაცები თანასწორობის ლოზუნგით, იმავე სიმბოლურ ტყავის ლაბადებში, რომელიც ახლა ჭრელი ქურთუკებით შეიცვალა, მაუზერები მაშხალებმა ჩაანაცვლა და იგივე მეთოდები მიდგომა ხდება, გამოყვანა და ტროიკები, რომელიც ფეისბუქზე იმართება იმისთვის, რომ ადამიანები გაანადგურონ. მათ დღეს უბრალოდ არ აქვთ უფლება ხელში ეჭიროთ იარაღი, თორემ ისინი ხელისუფლებაში რომ იყვნენ, იარაღით დაადგებოდნენ ყველა ამ ადამიანს და არავის დატოვებდნენ შურისძიების გარეშე. ეს დაინახა ქართველმა ხალხმა. ზოგი ენჯეოს ნიღბით, ზოგი, პოლიტიკური პარტიის ნიღბით, ზოგი ბიზნესისა და ზოგი ხელოვანის ნიღბით შეფარული 21-ე საუკუნის ბოლშევიკები არიან, რომლებიც გარედან იმართებიან. რა თქმა უნდა ტვ იმედის მიმართ მათ განსაკუთრებული აგრესია აქვთ და ვერ მოისმენთ ვერცერთი ელჩის განცხადებას, რომელიც თქვენ დაგიცავთ, ვერ მოისმენთ ვერცერთი ენჯეოს განცხადებას, რომელიც დაგიცავთ, რადგან ასეთია ის კონიუნქტურა, ზუსტად ასე გაუჩუმდნენ უკრაინაში და მოლდოვაში ტელევიზიების დახურვას ელჩებიც, ენჯეოებიც და სხვა აქტორებიც, რომლებსაც შეიძლება რამე ეთქვათ. პირდაპირ თავდასხმაა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელსაც უვარდებიან შენობაში ნაციონალური მოძრაობის ცენზორები და მის სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლას ცდილობენ, ცდილობენ საკუთარი დღის წესრიგი გაატარონ. ამაზე ყველა ენჯეო და საელჩო ჩუმადაა. ის რაც ხდება ტელეკომპანიების მიმართ, ახალი არ არის. მთელი ცინიზმი ამ მოწოდებების ის არის, რომ ეს ყველაფერი გაკეთებული აქვთ და ეს ადამიანები ამის გამკეთებლები არიან კიდევ უფრო მეტი სისასტიკით, ცინიზმითა და ღია მხარდაჭერით ზოგიერთი გარე აქტორისგან“, – განაცხადა პაპუაშვილმა