პარლამენტში სამუშაო ჯგუფები შექმნეს დემოგრაფიის გაძლიერებისა და შშმ პირების უფლებების ხელშესაწყობად
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ ქვეყნის დემოგრაფიულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფი შეიქმნება ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადებისთვის.
„დემოგრაფია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. კოვიდის შემდეგ უარყოფითი დემოგრაფიული ბალანსია, ამიტომ კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შევქმენით, რომელიც შესაბამის რეკომენდაციებს საქართველოს მთავრობას წარადგენს“, — განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
სამუშაო ჯგუფში გაერთიანდებიან პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის, ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარების, იუსტიციის სამინისტროების, საპატრიარქოს, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები. დროებითი წევრების სტატუსით ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, თბილისისა და ბათუმის მერიები და დარგის ექსპერტები.
სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა წარადგინა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილების ინიციატივა, რომელიც შშმ პირებს მობილური აპლიკაციების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა დაამტკიცებს ტექნიკურ რეგლამენტს, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ხელმისაწვდომობის სტანდარტები.
კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.