პარლამენტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა
პარლამენტმა ცვლილებები გამკაცრა თბილისში მეორეული საბურავების, ლითონების, მოძველებული ავტომობილების, ადვილად აალებადი/ფეთქებადი/ამტვერადი მასალის დაშვების, სველი მეთოდის გარეშე დამუშავებისა და ტრანსპორტირების წესების დარღვევისთვის.
მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ადგილებში, რომლებიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საამისოდ განსაზღვრული არ არის, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის – 5 000 ლარით.
იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარით, იურიდიული პირის – 15 000 ლარით. ცვლილებების თანახმად, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის დარღვევით განთავსება ან/და რეალიზაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღნიშნული მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საამისოდ განსაზღვრულ ადგილებში − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, იურიდიული პირის – 2 500 ლარით.
ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 500 ლარით, იურიდიული პირის – 5 000 ლარით.