პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს ხონში სასჯელაღსრულების ყოფილ დაწესებულებას მოინახულებენ
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას განაგრძობს. კომისიის წევრები დღეს ხონში სასჯელაღსრულების ყოფილ დაწესებულებას მოინახულებენ, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროინდელი სამარტოო საკნები და კარცერებია შემორჩენილი და სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პატიმრების უმძიმეს პირობებში ყოფნა უწევდათ. ციხის ყოფილი შენობა ამჟამად უფუნქციოა.
„ჩვენ უამრავი ჩვენება მოვისმინეთ, იმის შესახებ თუ რა მდგომარეობაში იყვნენ პატიმრები იმ წლებში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მართავდა სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, ბევრი ეს დაწესებულება ან გაუქმდა, ან ისე გადაკეთდა ჰუმანურობისკენ, რომ ეს კვალი შეიძლება დღეს ძნელი მოსაძებნი იყოს. მაგრამ რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, კონკრეტულად ხონის დაწესებულება, სადაც ჩვენ მივდივართ, შენარჩუნდა თვალსაჩინოებისთვის. გვინდა კომისიის წევრებმა ეს ჩვენი თვალით ვნახოთ“, – განაცხადა კომისიის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
როგორც ცნობილია, ხონის პენიტენციური დაწესებულება სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის ბოლო წლებში დაიხურა და დღემდე არ ფუნქციონირებს.
