ოთხ რეგიონში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების შემთხვევები გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გურიაში, იმერეთში, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამრღვევებმა ოზურგეთის, სამტრედიის, ყაზბეგისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში სპეციალური ტექნიკის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვეს დაახლოებით 400 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში.
დარღვევებზე შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი საქმის მასალები შესაბამის უწყებებს გადაეგზავნება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა დეპარტამენტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ.
უწყების მონაცემებით, 2025 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 141 ფაქტი გამოვლინდა, მათგან 47 შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაფიქსირდა. სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 2,5 მილიონ ლარს აჭარბებს.