ნუგზარ რუხაძე მეუღლის უკანასკნელ სურვილზე განმარტებას აკეთებს
ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე ჟურნალ „სარკის“ მიმდინარე ნომერში მეუღლის, ნინას, უკანასკნელ სურვილზე და მისთვის უმძიმეს გადაწყვეტილებაზე საუბრობს. როგორც რუხაძე ამბობს, ნინას ერთ-ერთი მთავარი სურვილი კრემაცია იყო – სურვილი, რომელსაც ვერ გადაუხვევდა.
„ნინას შიში ჰქონდა დაკრძალვის, მიწის, კუბოსი… ავად რომ გახდა, სულ მთხოვდა – არ დამაღალატო, კრემაცია გამიკეთეო. მე წინააღმდეგი წავიდოდი და ვუღალატებდი მის თხოვნას?! არავითარ შემთხვევაში“, – ამბობს ნუგზარ რუხაძე ჟურნალ ,,სარკესთან” მიცემულ ინტერვიუში.
მისივე თქმით, მეუღლის ფერფლი მთაწმინდაზე, ფუნიკულიორის მიღმა გაფანტეს. „ყველა დავემშვიდობეთ და ფერფლი მიწას მოეფინა. არავის გადაყრია თავზე, როგორც სოციალურ ქსელში წერდნენ. მიწამ და წვიმამ წაიღო“, – განმარტავს იგი.
ნუგზარ რუხაძე ამბობს, რომ თავადაც იგივე სურვილი აქვს:
„მინდა სითბოსა და ღუმელში და არა მიწაში, სიცივეში… ამიტომ ჩემს შვილებს ვუბარებ, რომ მეც კრემაცია გამიკეთონ.“
მისი თქმით, ნინას კრემაცია როსტოვში ჩატარდა, რადგან საქართველოში კრემატორიუმი არ არსებობს. ცხედარი სპეციალურმა სამსახურმა გადაიყვანა და ოთხი დღის შემდეგ ოჯახმა ფერფლი მიიღო.
„კრემატორიუმის საკითხი ქვეყანაში აუცილებლად უნდა დადგეს. გაუგებარია, რატომ უკავშირდება ადამიანის ცხედრის მიბარება სულიერებას. მთავარია, სული არ მიაბარო ეშმაკს“, – ამბობს რუხაძე და დასძენს, რომ სასაფლაოებზე ქვისა და ცემენტის სიმრავლეც მძიმე ტვირთად მიაჩნია.
„რა მიწა გვეყოფა?“ – კითხულობს ის.