ნოვრუზ ბაირამი უძველესი დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის მოსვლას, ბუნების გამოღვიძებას და სიცოცხლის განახლებას აღნიშნავს
დღესასწაულამდე ერთი თვით ადრე, ყოველ სამშაბათს აღინიშნება ნოვრუზის ოთხი “ჩერშენბე”, რომლებიც ოთხ სტიქიას – წყალს, ცეცხლს, ქარს და მიწას – უკავშირდება.
დღეს მიწის ჩერშენბეა. ამ დღეს სხვაგვარად, “ახირ ჩერშენბეს” ანუ ბოლო ჩერშენბეს უწოდებენ. ეს არის დედამიწის განახლების ჩერშენბე, დედამიწა სიცოცხლის, ნაყოფიერებისა და თანასწორობის სიმბოლოა. ბოლო სამშაბათს, ტრადიციის თანახმად, ბავშვები მეზობლის კარზე აკაკუნებენ, კართან ქუდებს ტოვებენ და იმალებიან. სახლის დიასახლისი კი ტკბილეულით ავსებს ამ ქუდებს. ეს არის ბედნიერების, წარმატების, სიყვარულის, მხიარულების, განახლებისა და გამოღვიძების დღესასწაული. ამ დღის აღსანიშნად, სუფრაზე ფლავი, ტკბილეული, ჯეჯილი, ქლიავისა და გარგარის ჩირი, შეღებილი კვერცხები, თხილი და სანთლებია.
2009 წელს ნოვრუზ ბაირამი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა, ხოლო 2010 წელს გაერომ საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.