ნინო ლაცაბიძე: მოსახლეობის ჯანმრთელობაზე არც ერთი საწარმოს საქმიანობა არ უნდა აისახოს


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში რუსთავის ჰაერის ხარისხისა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. გაფართოებულ შეხვედრაზე გარემოს დაცვის მინისტრთან, დავით სონღულაშვილთან ერთად, იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და ქალაქში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლები.

ნინო ლაცაბიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი მიზანი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაა და არც ერთი საწარმოს საქმიანობა ამაზე უარყოფითად არ უნდა აისახოს. მისი თქმით, ეს არის მოთხოვნა, რომელსაც თვითმმართველობა ბიზნესოპერატორებს მკაცრად უყენებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებებისა და კანონმდებლობის გამკაცრების შედეგად, რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესებულია. მსხვილი საწარმოების უმრავლესობას დანერგილი აქვს უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემა, თუმცა გარკვეული პრობლემები კვლავ რჩება, რაც ქალაქში პერიოდულად უსიამოვნო სუნის გავრცელებით ვლინდება.

სამინისტრომ ბიზნესოპერატორებს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და მონიტორინგის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023–2025 წლების გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს. ქალაქში ფუნქციონირებს ჰაერის მონიტორინგის სადგური, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის 24-საათიან რეჟიმში სრულყოფილ მონაცემებს აწვდის.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading