ნინო ლაცაბიძე: მადლობა მინდა ვუთხრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც დღეს, ჩვენს ქალაქს აქვს, ახალგაზრდობის ახალი სასახლის სახით
რუსთავში ახალგაზრდობის ახალი სასახლე გაიხსნა. გასული საუკუნის 60-იან წლებში დაარსებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადგილზე, ძველის ავთენტური არქიტექტურის, 1800 კვადრატული მეტრი ფართობის, სამსართულიანი ახალი შენობა ახალგაზრდებს უკვე დღეიდან მიიღებს.
ახალგაზრდობის სასახლის ახალი შენობა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატ ირაკლი შატაკიშვილთან და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად გახსნა.
ღონისძიებას ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ ბააკაშვილი, რუსთავის მერის მოადგილეები, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რუსთაველი ახალგაზრდები და ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგები ესწრებოდნენ.
ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის მერიის ახალგაზრდული პოლიტიკისა და სასახლის ახალი კონცეფციის პრეზენტაცია, გუნდთან ერთად წარადგინა.
ახალგაზრდობის სასახლის შენობასთან ერთად, სრულად განახლებულია მოსწავლე- ახალგაზრდობის ძველი ცენტრის შინაარსობრივი მხარეც.
სასახლის ახალი კონცეფცია, ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებული და მულტიდისციპლინურია. საგანმანათლებლო ცენტრი, საკლუბო პრინციპით იმუშავებს და რუსთაველ ბავშვებს, აქ მენტალური არითმეტიკის, ლეგო-რობოტიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ლაბორატორიული დაკვირვების, ხატწერის, კალიგრაფიის, მხატვრობის, ქორეოგრაფიის და თეატრალური ხელოვნების შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ. იმუშავებს სააბიტურიენტო პროგრამებიც.
რუსთავის ახალგაზრდობის სასახლე, ძველი ქალაქის ერთ-ერთ კოლორიტულ უბანში, რუსთაველის ქუჩაზეა განთავსებული, რომლის რესტავრაციის პროექტის ორი ეტაპიც, უკვე დასრულებულია.
ახალგაზრდობის სასახლის ახალი იერ-სახე, სრულად შეესაბამება ძველი ქალაქის არქიტექტურულ სტილს.
ახალგაზრდობის სასახლე, სადაც არაერთი თაობა გაიზარდა, თანამედროვე და მულტიდისციპლინური შინაარსით, კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება რუსთაველებისთვის.
რუსთავის ახალგაზრდობის სასახლის საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა, ონლაინ რეგისტრაციით ხდება და სხვადასხვა დისციპლინებზე უკვე 500-მდე ახალგაზრდა დარეგისტრირდა.
რუსთავის მერია / Rustavi City Hall




