რუსთავში ახალგაზრდობის ახალი სასახლე გაიხსნა
შენობა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან და საქართველოს პარლამენტის წევრთან ირაკლი შატაკიშვილთან ერთად გახსნა.
გასული საუკუნის 60-იან წლებში დაარსებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადგილზე, ძველის ავთენტური არქიტექტურის, 1800 კვადრატული მეტრი ფართობის, სამსართულიანი ახალი შენობა ახალგაზრდებს უკვე დღეიდან მიიღებს.
ღონისძიებას ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ ბააკაშვილი, რუსთავის მერის მოადგილეები, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რუსთაველი ახალგაზრდები და ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგები ესწრებოდნენ.
ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის მერიის ახალგაზრდული პოლიტიკისა და სასახლის ახალი კონცეფციის პრეზენტაცია, გუნდთან ერთად წარადგინა.
ახალგაზრდობის სასახლის შენობასთან ერთად, სრულად განახლებულია მოსწავლე- ახალგაზრდობის ძველი ცენტრის შინაარსობრივი მხარეც.
სასახლის ახალი კონცეფცია, ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებული და მულტიდისციპლინურია. საგანმანათლებლო ცენტრი, საკლუბო პრინციპით იმუშავებს და რუსთაველ ბავშვებს, აქ მენტალური არითმეტიკის, ლეგო-რობოტიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ლაბორატორიული დაკვირვების, ხატწერის, კალიგრაფიის, მხატვრობის, ქორეოგრაფიის და თეატრალური ხელოვნების შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ. იმუშავებს სააბიტურიენტო პროგრამებიც.
რუსთავის ახალგაზრდობის სასახლის საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა, ონლაინ რეგისტრაციით ხდება და სხვადასხვა დისციპლინებზე უკვე 500-მდე ახალგაზრდა დარეგისტრირდა.




