ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის, კახეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს.
დაკავებულებს ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და მარიხუანის რეალიზაციის ხელშეწყობა, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირება. მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სამართალდამცველებმა დაკავებულთა პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი“, გამომშრალი „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.