მსჯავრდებულები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათებით ისარგებლებენ და მათ მიერ გაყიდული პროდუქციის თანხა აღარ დაიბეგრება
პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულების მიკრო მეწარმეებად დარეგისტრირების პროცესი გრძელდება. მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლობის ფარგლებში, ის მსჯავრდებულები, რომელთა პროდუქციაც მაღაზია „რე-მარკეტში“ იყიდება მიკრო მეწარმეებად დარეგისტრირდნენ.
ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, N5 და N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 30-ზე მეტ მსჯავრდებულს მიკრო მეწარმის სტატუსი მიენიჭა. მაღაზია „რე-მარკეტში“ დასაქმებით მსჯავრდებულებს დამატებითი შემოსავალი უჩნდებათ, რაც მათი ეკონომიკური მდგომარეობისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. მიკრო მეწარმის სტატუსით სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში ჯამში, 100-მდე მსჯავრდებული სარგებლობს.




