მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახედ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა პროევროპული აქციებისას სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ ექვს პირს.
პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.
დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ყველა მათგანი ასაბუთებდა, რომ დაკავებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ.
ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით გირაოს განსაზღვრას თავად სთავაზობდნენ.
ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, ჯანო ყარჩაიას და გურამ მირცხულავას გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჩადენილ დანაშაულს ედავება. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლოს როგორც სხდომათა დარბაზში, ასევე შენობაში იმყოფებიან თეატრის, კინოს მსახიობები, იუმორისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.