მთავრობა მიგრაციის პოლიტიკას ამკაცრებს-1-ლი მარტიდან მკაცრად რეგულაციები
საქართველოში უცხოელების შრომითი საქმიანობა 1-ლი მარტიდან კანონით მნიშვნელოვნად იზღუდება, რაც ქვეყნის ეკონომიკისა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას ემსახურება, — ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მთავრობა აღნიშნული კანონის ეფექტიან აღსრულებაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს.
მისივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა გასული ერთი წლის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევა, ვიდრე ჯამურად ბოლო ათი წლის განმავლობაში. მთავრობის მეთაურის თქმით, დეპარტამენტის გაძლიერება საშუალებას მისცემს ხელისუფლებას, რამდენიმე წელიწადში ქვეყანა სრულად გაათავისუფლოს არალეგალი მიგრანტებისგან, რომელთა რაოდენობა, მისი ინფორმაციით, დღეს 20 ათასს აღემატება.
ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ 2017 წელს ხელისუფლებამ საქართველოს კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება აიკრძალა.
პრემიერის განცხადებით, ეროვნული და რელიგიური იდენტობის დაცვა და შენარჩუნება სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა და ხელისუფლება ამ მიმართულებით ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს.
მისივე თქმით, „საქართველო სრულად გათავისუფლდება არალეგალი მიგრანტებისგან“.