ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე — 1999 წელს დაბადებული ი.პ. და 1990 წელს დაბადებული მ.რ. – ხოლო მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1983 წელს დაბადებული ბ.დ. ბათუმში სხვადასხვა დროს დააკავეს.
პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ და გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.