,,მეწარმეობის განვითარება და ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს” – ირაკლი ნადარეიშვილი
,,მეწარმეობის განვითარება და ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ ფუნდამენტს წარმოადგენს”– ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ცვლილებების მიზანი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაა, რაც მომავალში მათ განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეებისთვის მხარდაჭერის შესაძლებლობებს აფართოებს. უნივერსალურ ინდუსტრიულ კომპონენტში სესხისა და ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსება ორი პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა. ცვლილებები პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.
თანადაფინანსებასთან ერთად, ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ ახალი საგრანტო კომპონენტებით, მათ შორის: მაღალმთიანი, აგროტურისტული, მწვანე, გაციფრულების, ასევე კვლევა და განვითარების (R&D) მიმართულებებით. ქალ მეწარმეებისთვის აღნიშნულ ყველა კომპონენტში გრანტის ოდენობა იზრდება.
ცვლილებები განხორციელდა მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაშიც. მას ემატება ახალი ეკონომიკური საქმიანობები, მათ შორის კვების პროდუქტების წარმოება, სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების რამდენიმე კატეგორია და ერთწლიანი კულტურების მოყვანა.
ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 3000-ზე მეტი პროექტი მცირე და საშუალო სექტორში, რაც საინვესტიციო თვალსაზრისით 3 მილიარდ ლარს აღემატება.
„შესაბამისად, სახეზე გვაქვს შედეგები, რომლებიც გამოარჩევს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას – თითქმის ოთხჯერ გაზრდილი პროდუქციის გამოშვება, სამნახევარჯერ გაზრდილი დამატებითი ღირებულება, ორნახევარჯერ გაზრდილი ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში და დაახლოებით 30%-ით გაზრდილი დასაქმება. სააგენტოს პროგრამების მუდმივი ადაპტირება ბიზნესის საჭიროებების მიხედვით მომავალშიც გაგრძელდება,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.