კონკურენციის სააგენტომ სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი დაიწყო. პროცესი მიზნად ისახავს ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასებას და განხორციელდება კანონმდებლობით განსაზღვრული პარამეტრებით.

როგორც სააგენტოს პრესსამსახური იტყობინება, მონიტორინგის ფარგლებში შეფასდება ბაზრის მოცულობა, მოქმედი კომპანიები, საბაზრო წილები, კონცენტრაციის დონე და დომინანტური მდგომარეობის არსებობა. ასევე, გათვალისწინებული იქნება ბაზრის სპეციფიკური ფაქტორებიც, რომლებიც კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენას ახდენს.

სააგენტოს მონაცემებით, ეს მონიტორინგი გაგრძელებაა იმ სამუშაოს, რაც ბოლო წლებში ფარმაცევტულ სექტორში განხორციელდა. მათ შორის იყო ბაზრის მონიტორინგი და ორი მოკვლევა, რომლებიც კონკურენციის სფეროში აღძრული საქმეებით დასრულდა.

მონიტორინგის დაწყებას წინ უსწრებდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის ივლისში სამედიცინო მომსახურებაზე ფასები წინა წელთან შედარებით 26%-ით არის გაზრდილი.

სააგენტო მონიტორინგს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კოორდინირებულად ახორციელებს. შუალედური შედეგები საჯაროდ გახდება ხელმისაწვდომი.

ამ ეტაპზე, GCCA-მ მონიტორინგი ასევე დაიწყო სხვა სტრატეგიულ ბაზრებზე, მათ შორის: FMCG, საავტომობილო საწვავის, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, თამბაქოს, თხილისა და ლურჯი მოცვის მიმართულებით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading