იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც სხვადასხვა ენერგო-მატარებლების დატაცებისა თუ უკანონო სარგებლობის განმეორებით შემთხვევებს ეხება.
როგორც მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, კანონპროექტით ფიზიკურ პირთან მიმართებით 100 ლარის ოდენობით ჯარიმა შენარჩუნებულია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შესაბამისი ფიზიკური პირი არ არის ინდმეწარმე და ინდმეწარმეობის პირობებში ის არ იხდის დღგ-ს და პირიქით, თუკი ფიზიკური პირი შესაბამის სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს და ის დღგ-ს გადამხდელია, ამ შემთხვევაში მისი სანქცირება 15 000 ლარის ოდენობით მოხდება.
„რაც შეეხება იურიდიულ პირებს, აქაც შემოდის ანალოგიური კრიტერიუმი. თუკი იურიდიული პირი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, მაგრამ არ არის დღგ-ს გადამხდელი, ის დასანქცირდება 1000 ლარით, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი იურიდიული პირი დღგ-ს გადამხდელია, რაც, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია წლის მანძილზე სათანადო ფინანსურ ბრუნვასთან – ნაჩვენები უნდა იყოს 100 000 ლარზე მეტი, ბუნებრივია, აქ უკვე მისი სანქცირება სხვადასხვა ენერგო მატარებლების დატაცებისა თუ უკანონოდ სარგებლობის განმეორების შემთხვევაში მოხდება 15 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნა მომხსენებელმა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.