ირაკლი კობახიძე: „ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა ჩვენს ეკონომიკას გააძლიერებს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა.
საქართველო წელს გამოფენაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის წარსადგენად.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მსგავსი სახის მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობა ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას:
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპორტის ზრდა და გაფართოება ჩინეთის მიმართულებით. ვესაუბრეთ ქართველ მეწარმეებს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ჩინური კომპანიების მხრიდან იზრდება ინტერესი ქართული პროდუქციის მიმართ. ეს პროცესი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება,“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გამოფენის სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს კულტურასა და ტრადიციებს, დააგემოვნონ ქართული ღვინო, გაიცნონ ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი მეღვინეობის ისტორია და მონაწილეობა მიიღონ კულინარიულ და კულტურულ მასტერკლასებში.
ქართული პავილიონი 40-ზე მეტ ადგილობრივ კომპანიას აერთიანებს.
საქართველო ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში უკვე მერვედ მონაწილეობს, რომელსაც ყოველწლიურად 150 ქვეყნიდან 200 000-ზე მეტი სტუმარი ესწრება.
