ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერ ლი ციანს შეხვდა – საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერს, ლი ციანს, ოფიციალური შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ლი ციანს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე მიწვევისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ჩინეთის მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო წლებში ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა – ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორისაა, ხოლო ინვესტიციები ჩინეთიდან 2025 წლის პირველ ნახევარში 229%-ით გაიზარდა. ასევე, გაიზარდა ტვირთბრუნვა შუა დერეფნის გავლით.
ჩინეთის პრემიერმა, ლი ციანმა, საქართველოს გამოფენაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მზად არის ქვეყნებს შორის სტრატეგიული კომუნიკაცია და პრაქტიკული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს.
შეხვედრის შემდეგ გაფორმდა რამდენიმე მემორანდუმი ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროებში. დოკუმენტებზე ხელი მოაწერეს მინისტრებმა მარიამ ქვრივიშვილმა, დავით სონღულაშვილმა და ჩინეთში საქართველოს ელჩმა პაატა კალანდაძემ.