პროკურატურამ დაზარალებულ მოქალაქეებს 6 მიწის ნაკვეთის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტში და თბილისში, მოქალაქეებისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებული მიზეზებით, მესაკუთრეების ნების საწინააღმდეგოდ და ყალბი საკადასტრო მონაცემების გამოყენებით, მოქალაქეთა მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს სახელზე დაარეგისტრირეს. შედეგად, ხობის მუნიციპალიტეტში ექვს მოქალაქეს საკუთრება უკანონოდ ჩამოერთვა.
გარდა ამისა, თბილისში ქონების იძულებით დათმობის კიდევ ერთი შემთხვევა გამოავლინეს – გიორგი მელაძეს 2011 წელს დიღომში მდებარე მიწის ნაკვეთი სამართალდამცავთა ზეწოლით ჩამოართვეს.
დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ყველა დაზარალებულ მოქალაქეს დაუბრუნდება მათივე კუთვნილი ქონება.
დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე, პროკურატურამ 494 მოქალაქე დაზარალებულად ცნო, ხოლო 341-ს უკვე დაბრუნებული აქვს ან უბრუნდება დაახლოებით 67 მილიონი ლარის ღირებულების ქონება.