ირაკლი კობახიძე: უკანონო იარაღით ქუჩაში გადაადგილების ფაქტები საგანგაშოა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში უკანონო იარაღის ტარების პრობლემა განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ბოლო პერიოდში. როგორც კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ქუჩაში იარაღით გადაადგილდებოდნენ ახალგაზრდა პირები, მათ შორის არასრულწლოვნებიც, რაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა საზოგადოებისთვის.
„იარაღის ტარება – ესეც იყო აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა. ჟარგონზე რომ ვთქვათ, მიშვებული იყო ეს ყველაფერი. ადამიანები, მათ შორის, ახალგაზრდა ადამიანები, ზოგჯერ არასრულწლოვნებიც კი დადიოდნენ იარაღით ქუჩაში, რაც საზოგადოებას ძალიან აწუხებს და რისკის შემცველია“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო იარაღის ბრუნვის წინააღმდეგ აქტიური ღონისძიებები გაატარა. ბოლო სამი თვის განმავლობაში გამოვლინდა იარაღის უკანონო ბრუნვის 384 შემთხვევა.
„ამ მიმართულებითაც, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მუშაობა“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.