ირაკლი კობახიძე: საქართველო სულ უფრო მეტად იძენს ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული დამაკავშირებლის როლს

საქართველო ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიულ დამაკავშირებელ ქვეყნად იკავებს მნიშვნელოვან ადგილს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოსა და ჩინეთის პარტნიორობა ვაჭრობის, ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების სფეროში უკვე მოაქვს ხელშესახები შედეგები და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ორივე ქვეყნისთვის.

„ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად იქცა. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა – მხოლოდ 2025 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვამ 1.6 მილიარდ დოლარს მიაღწია,“ – აღნიშნა კობახიძემ.

პრემიერმა ხაზი გაუსვა შუა დერეფნის მნიშვნელობას, რომლის გავლით ჩინეთიდან და ჩინეთში გადაზიდული ტვირთების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მან ასევე აღნიშნა ტურიზმისა და ინვესტიციების მიმართულებით მზარდი ტენდენციები, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და ლოგისტიკის სექტორებში.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საქართველოს მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა რჩება რეგიონის სტაბილურ და საიმედო პარტნიორად.

„საქართველო ჩინეთთან პარტნიორობის მტკიცედ ერთგულია. გვინდა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო, მოვიზიდოთ მეტი ინვესტიცია და გავაღრმაოთ თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორში,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჩინეთის მე-8 საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, სადაც საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს, სიტყვით გამოვიდა ჩინეთის პრემიერიც – ლი ციანი, რომელმაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა გაუსვა ხაზგასმით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading