ინფრასტრუქტურის სამინისტროში რუსთავში განსახორციელებელი პროექტის არქიტექტურული კონცეფციები განიხილეს
ინფრასტრუქტურის სამინისტროში რუსთავის მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურული კონცეფციების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც პროექტის ორი ვერსია განიხილეს.
სამინისტროს ინფორმაციით, სხდომას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ასევე რუსთავის მერიის, სპორტის სამინისტროსა და არქიტექტურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წარდგენილი პროექტების მიხედვით, რუსთავში 1500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსი მოეწყობა, რომელიც სპორტულ და კულტურულ სივრცეებს გააერთიანებს. კომპლექსში დაგეგმილია დახურული მინი საფეხბურთო დარბაზი, ღია ხელოვნურსაფარიანი მოედანი, სპორტული ცოცვის კედელი, ჩოგბურთის კორტები, პადელისა და ქვიშის ფრენბურთის მოედნები. ასევე მოეწყობა კულტურულ-შემეცნებითი ცენტრი.
საკონკურსო კომისია გამარჯვებულ არქიტექტურულ ბიუროს რამდენიმე დღეში გამოავლენს.