ილია თოფურია ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს
“მე ყოველთვის მადლიერებით ვიყავი განწყობილი მედიის მხრიდან ჩემი პატივისცემის მიმართ, რადგან განვლილი წლების მანძილზე, ჩემი კარიერის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო და იქნება.
სამწუხაროდ, მედია საშუალებებში ჩემს სახელს ამჟამად სპორტთან კავშირი არ აქვს. მესმის, როდესაც საჯარო ფიგურა ხარ, ეს ნიშნავს, რომ შენი სახელი გამოყენებული იქნება ცრუ ინფომაციისთვის, არარეალური სათაურებისთვის, რომელიც “ქლიქებს” ემსახურება, მიუხედავად იმისა, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ამან.
გუშინ, ერთ-ერთმა მედიამ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს სასამართლოში ოჯახური ძალადობის გამო ჩვენების მისაცემად ვიყავი დაბარებული. მოგვიანებით, ამ სათაურის შეცვლა მოუწიათ, რადგან ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მე არასოდეს ვყოფილვარ ამის გამო ჩვენებაზე დაბარებული, თუმცა, თუ საჭირო გახდება, უპრობლემოდ გამოვცხადდები. რეალობა ისაა, რომ სასამართლო სისტემის ფუნქციონირების გამო ვალდებული ვარ გამოცხადდე აღნიშნულ სასამართლოში, თუმცა დაბარება დაკავშირებულია მხოლოდ ოჯახურ და ადმინისტრაციულ საკითხთან, რომელიც ჩემი ქალიშვილის ესპანეთის საზღვრებს მიღმა მოგზაურობას ეხება. ქალიშვილის, რომელიც არაერთი მცდელობის მიუხედავად, ოთხი თვეა, რაც არ მინახავს.
მესმის, რა არის საჯარო ფიგურად ყოფნის ფასი, მაგრამ ეს ვერ ამართლებს გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებას, ფაქტების დამახინჯებას ან არასრულწლოვნის შესახებ საკითხების გასაჯაროებას, რომელიც განსაკუთრებულ დაცვას იმსახურებს. ამბავი ჩემი მხრიდან განქორწინების შესახებ განაცხადის შეტანით დაიწყო, რომელიც რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების და დაშორების შემდეგ მოხდა. მას შემდეგ, რაც უარი ვთქვი სრულიად გაუმართლებელი ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, რამდენიმე კვირის შემდეგ შეტანილ იქნა ძალადობის შესახებ საჩივარი იმგვარი ბრალდებით, რომლითაც ადრე უკვე მემუქრებოდნენ და რომელიც ახლა სასამართლოს მიერ განიხილება.
მე კვლავ ვაგრძელებ ღმერთზე, სამართალზე და ადამიანებზე ნდობას. ვიცი, რომ სიმართლე გაიმარჯვებს და მალე შევძლებ დავიბრუნო ჩემს ცხოვრებაში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანიდან ერთ-ერთი, ჩემი ვაჟის, ჰუგოს გვერდით, ჩემი ქალიშვილი – ჯორჯინა.
მედიისგან მხოლოდ იმავე პატივისცემას ვითხოვ, რომელსაც მათი უმეტესობა ყოველთვის იჩენდა ჩემს მიმართ და იმას, რომ ფაქტებს არ გადაუხვიონ, რადგან სიმართლეს მხოლოდ ერთი გზა აქვს.
ღმერთმა დაგლოცოთ.”-წერს ილია თოფურია