„ეს უბედური შემთხვევა არ იყო“ – რას წერს წერეთლის გამზირზე დაღუპული 23 წლის გოგოს და სოციალურ ქსელში
თბილისში, წერეთლის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც 23 წლის თამარ კვაჭაძე და ტაქსის მძღოლი დაიღუპნენ, გარდაცვლილი გოგოს და – მარიამ გერმანიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
მისი განცხადებით, მომხდარი უბედური შემთხვევა არ ყოფილა. მარიამ გერმანიშვილი წერს, რომ დასთან ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე ჰქონდა კონტაქტი და თამარი მძღოლის უჩვეულო ქცევაზე მიუთითებდა.
„ბოლოს სიკვდილამდე ზუსტად 5 წუთით ადრე ველაპარაკე ჩემს დას. თამარმა მომწერა, რომ ტაქსის მძღოლი უცნაურად ელაპარაკებოდა, ამიტომ ვთხოვე ლოკაციის გაზიარება, რომ მენახა ზუსტად რა ადგილას იყო. სახლთან მისვლისას, როცა დაინახა, რომ თამარს მეგობრები მანქანით იდგნენ, მძღოლმა არ გააჩერა ავტომობილი და მთელი სისწრაფით დაიწყო მოძრაობა. ამ ყველაფერს ჩემი თვალით ვუყურებდი. აბა გაბედეთ და ვინმემ თქვით, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო.ჩემი და მოკლეს და არც იფიქროთ არანაირ დანდობა.
ყველას გაეცემა პასუხი..
მკვდარსაც და ცოცხლებსაც ვინც ამ უნამუსოს დარჩა…” – წერს მარიამ გერმანიშვილი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, სოციალურ ქსელში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია და მოუწოდებს საზოგადოებას, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი დეტალების გავრცელებისგან.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, წერეთლის გამზირზე, 2 იანვარს გვიან ღამით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.