თურქეთი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულებს გლოვობს – ახალი დეტალები ცნობილია
11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130 „ჰერკულესი“ ჩამოვარდა. ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა.
კატასტროფის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამაშველო და საგამოძიებო სამუშაოები. ადგილზე პირადად იმყოფებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე და მისი პირველი მოადგილე რონი მესხი.
თურქული მედიის ცნობით, გავრცელებულია დაღუპული სამხედროების ფოტოები. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ინტერნეტრესურსი Flightradar24 იტყობინება, რომ C-130 ტიპის ბორტი აფრინდა თურქეთის კაისერის სამხედრო ბაზიდან, ჩაფრინდა აზერბაიჯანის განჯაში, საიდანაც უკან დაბრუნებისას საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით – საჰაერო ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევის გამო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სატელეფონო საუბარში სამძიმარი გამოუცხადა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს და თურქ ხალხს სრული სოლიდარობა გამოუცხადა.