თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების მიმართულებით არსებული პრობლემების დეტალური განხილვის მიზნით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი, დავით კვინიკაძე ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს, ილია ჯალაღანიას და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრისას განხილული იყო მუნიციპალიტეტის 15 სოფელში – მაწევანი, გოლთეთი, წინწყარო, დიდი დურნუკი, პატარა დურნუკი, ქოთიში, ხაიში, ქოლასარი, ტბისი, ფარცხისი, საღრაშენი, არდისუბანი, ენაგეთი, შავსაყდარი და ასურეთი – არსებული პრობლემები, რომლებიც ძირითადად სატუმბო სადგურების ელექტრომომარაგების ხარვეზებითაა გამოწვეული. აღნიშნული შეფერხებები ზეგავლენას ახდენს წყლის მიწოდების უწყვეტობაზე და მოსახლეობისთვის დისკომფორტს ქმნის.

მხარეებმა იმსჯელეს არსებული ტექნიკური სირთულეების მიზეზებზე და შეთანხმდნენ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელთა მიზანიც სისტემის გამართულობის უზრუნველყოფა და ეტაპობრივად არსებული პრობლემების აღმოფხვრაა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების საერთო მდგომარეობასა და გამოწვევებს. ყურადღება გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც თანამედროვე და სტაბილური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ინფორმაციით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები რეგულარულად გაიმართება სხვა მუნიციპალიტეტებშიც, რათა აქტიურად მოხდეს რეგიონებში არსებული საჭიროებების ანალიზი და დროული რეაგირება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading