თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ 17 სოფელი დააზარალა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად 17 სოფელში მნიშვნელოვანი პრობლემები შეიქმნა. სტიქიამ დააზიანა როგორც შიდა გზები, ისე რამდენიმე სოფელთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზები და ხიდები.

სტიქიის ზონაში ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი და მიხეილ აფციაური იმყოფებოდნენ, რომლებმაც ადგილზე შექმნილი ვითარება შეაფასეს.

ადგილობრივი ტექნიკის გამოყენებით უკვე გაიწმინდა სოფლების შიდა და მისასვლელი გზები, ასევე აღდგა გადაადგილების შესაძლებლობა სოფელ ახალშენსა და ნავთიანში მდებარე ხიდებზე.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფელ ფარცხისის, არდისუბნისა და ღოლოვანის მიმართულებით, სადაც დაზიანებულია სოფლებთან დამაკავშირებელი ოთხი ხიდი. სოფელ ფარცხისსა და სოფელ გოლთეთს შორის არსებული ხიდი კი მთლიანად განადგურდა.

სტიქიის ზონაში ასევე იმყოფებოდნენ თეთრიწყაროს მერის პირველი მოადგილე გია ანთაძე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული კოორდინირების სამსახურის უფროსი ვახტანგ ბუცხრიკიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ადგილობრივი ხელისუფლება ზარალის შეფასებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading