თბილისისა და გარდაბნის ტერიტორიაზე, კრწანისის ტყე-პარკისთვის განაშენიანების გეგმა მზადდება

„ქალაქ თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილისათვის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის №234 დადგენილებით (შემდგომში – №234 დადგენილება) მინიჭებული განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის ფარგლებში, კერძო ინიციატივის საფუძველზე იწყება ქალაქ თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, კრწანისის ტყე-პარკში, განაშენიანების გეგმის შემუშავება.
საპროექტო არეალი, რომლის ფართობიც 6 335 813.3 კვადრატულ მეტრს შეადგენს, კრწანისის ტყე-პარკში, მტკვრის ორივე მხარეს მდებარეობს და უშუალოდ უკავშირდება S4 საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანს.
პროექტის მთავარი ამოცანაა კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მაღალი ხარისხის, მყუდრო, ბუნებასთან მაქსიმალურად ინტეგრირებული, დაბალი ინტენსივობისა და სიმჭიდროვის განაშენიანების განვითარება, რომლის უმეტესი წილი დაეთმობა ინდივიდუალურ განაშენიანებას – „ვილებისა“ და „თაუნჰაუსების“ სახით, ხოლო მცირე ნაწილი, განაშენიანების ცენტრი თავს მოუყრის საზოგადოებრივი და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტებს.
მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა აქვს ყველა დაინტერესებულ პირს სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შემდეგ მისამართზე: ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge.