თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „დაზვერვის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები მუხლობრივად განიხილა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად წარადგინა.

მომხსენებლის განმარტებით, ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, კანონპროექტებში გარკვეული შინაარსობრივი და ტექნიკური ცვლილებები განხორციელდა. მისი თქმით, სააგენტოს სახელწოდებას ცვლილება შეეხო და „ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს“ ნაცვლად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დასახელება – „დაზვერვის სააგენტო“ იქნება.


თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ცვლილებები კანონის ამოქმედების ვადასაც შეეხო და კანონპროექტის ახალი რედაქციის თანახმად, საკანონმდებლო ცვლილებები 2025 წლის 1 აგვისტოდან შევა ძალაში.


კომიტეტის თავმჯდომარის ალექსანდრე ტაბატაძის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტის მომზადების პროცესში კომიტეტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ინტენსიური კონსულტაციები გამართა და პროექტში ყველა ის შენიშვნა და წინადადება აისახა, რომელიც ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოვლინდა.

კომიტეტის წევრები „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს ასევე მეორე მოსმენით გაეცნენ. მომხსენებელმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ დეპუტატებს ის ცვლილებები და სიახლეები გააცნო, რომელიც პროექტმა პირველი მოსმენით მიღების შემდეგ განიცადა.


კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.


2024 წელს თავდაცვის სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები 100.1%-ით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ – 100.3%-ით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა – 99.8%-ით, სახელმწიფო დაცვის სახელმწიფო სამსახურმა – 99.9%-ით, ხოლო დაზვერვის სამსახურმა – 100%-ით აითვისა. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს სახელმწიფო უწყებებმა მათზე გამოყოფილი ასიგნებები სრულად აითვისეს და შესაბამისად, დაგეგმილი აქტივობების და ღონისძიებების შესრულება განხორციელდა “, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

კომიტეტმა წარდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა და ცნობად მიიღო.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading