ზამურ ჭითანავა: „ბოლნისში ფეხბურთი ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია“

ბოლნისის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა ადგილობრივ ფეხბურთის ვეტერანებსა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მთავარი თემა ბოლნისში ფეხბურთის განვითარება და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა იყო.
„ბოლნისში ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის – ის ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამიტომ, შევხვდი იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში განსაკუთრებულ ენერგიასა და გამოცდილებას დებენ ფეხბურთის განვითარებაში. ჩვენ ერთად განვიხილეთ, როგორ შეიძლება კიდევ უფრო გავაძლიეროთ სპორტული ტრადიციები ბოლნისში და ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობა შევქმნათ,“ – განაცხადა ზამურ ჭითანავამ.


მისი თქმით, მუნიციპალიტეტში არსებობს დიდი პოტენციალი როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე ადამიანური რესურსის კუთხით, რასაც მიზნობრივი პოლიტიკით მნიშვნელოვანი შედეგის მოტანა შეუძლია. შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს არსებული გამოწვევებზე და გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად ჩაერთონ ახალგაზრდების მხარდაჭერისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის პროცესში.
- ზამურ ჭითანავა ხაზს უსვამს, რომ ბოლნისისთვის სპორტის ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება, განსაკუთრებით ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარება.
