ვირტუალური აქტივების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერები დააკავეს – საგამოძიებო სამსახური მასშტაბურ ფინანსურ დანაშაულს იძიებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის სამი მენეჯერი დააკავა. უწყების ინფორმაციით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია რეგისტრაციის გარეშე ოპერირებდა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში — ონლაინ პლატფორმის, აპლიკაციისა და მომსახურების ოფისების მეშვეობით.
გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანია ახორციელებდა ვირტუალური აქტივისა და ნაღდი ფულის კონვერტაციას და ხელს უწყობდა უკონტროლო საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ კომპანიას არ უფიქსირდება გადასახადის გადახდა, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ასობით მილიონი ლარის ექვივალენტის ღირებულების ტრანზაქციები განხორციელდა.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დაყადაღდა ბრალდებულთა ქონება, ხოლო თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ოფისებში ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა, კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია.
აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგამოძიებო სამსახური განაგრძობს ღონისძიებებს დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის, გადასახადისათვის თავის არიდებისა და შესაძლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ეპიზოდების დასადგენად.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
