ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სწავლება გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების ხელმძღვანელობით, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მეოთხე ქვეითი ბრიგადის 60 სამხედრო მოსამსახურისთვის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩატარდა.
სწავლის თეორიულ ნაწილში სამხედრო მოსამსახურეებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საქმიანობის, სხვადასხვა საგანგებო შემთხვევის დროს უსაფრთხოების წესებისა და ქცევის პროტოკოლების შესახებ.

პრაქტიკულ ეტაპზე მონაწილეებმა სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით გაიარეს სპეციალური წვრთნა ტყის ხანძრებზე რეაგირების მიმართულებით.
სწავლების მიზანია უწყებათშორისი თანამშრომლობის განმტკიცება, კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა და იმ უნარების განვითარება, რომლებიც აუცილებელია სტიქიური უბედურებებისა და კატასტროფების დროს ეფექტური რეაგირებისთვის.
