ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) გენერალურ დირექტორს, ნგოზი ოკონჯო ივეალას შეხვდა და მას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმებაზე საქართველოს მიერთებასთან დაკავშირებული სარატიფიკაციო სიგელი გადასცა
შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციაში, ქალაქ ჟენევაში გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის ძირითადი ტენდენციები და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. მინისტრის მოადგილემ ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეკონომიკის განვითარების და სავაჭრო პოლიტიკის მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე, აგრეთვე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წინაშე აღებული ვალდებულებების სრულად შესრულების კუთხით. მისი თქმით, საქართველო აქტიურად მონაწილეობს WTO-ს იმ ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის გაძლიერებას.
„თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმებაზე საქართველოს მიერთება მრავალმხრივი სავაჭრო სისტემისადმი ჩვენი მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირებაა. ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მუდმივ მონაწილეობას საზღვაო რესურსების მდგრადი და პასუხისმგებლიანი გამოყენების საერთაშორისო ჩართულობაში. ჩვენ ვაფასებთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრების კოლექტიურ ძალისხმევას ამ შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით და მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას მისი ეფექტური განხორციელების მიმართულებით,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომლებიც საქართველოს გაფორმებული აქვს სხვადასხვა მსხვილ ბაზრებთან, კერძო სექტორს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს აძლევს 2.3 მილიარდზე მეტი მომხმარებლის უმაღლესი ხარისხის ბაზარზე წვდომის გაზრდილ შესაძლებლობას.
აღსანიშნავია, რომ თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმება 2022 წლის 17 ივნისს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მე-12 მინისტრთა კონფერენციაზე მიიღეს. შეთანხმების მიზანია მეთევზეობის სექტორში აიკრძალოს სუბსიდიები, რომლებიც ხელს უწყობენ უკანონო, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ თევზჭერას.




