ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
მონტენეგროში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ). ლიპარტელიანმა ფინალი გერმანელ სეია ბალჰაუსთან დათმო და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის კონტინენტის პირველობაზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა.
ეთერ ლიპარტელიანმა ფინალამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია კურბანამადოვას და შვეიცარიელ ბინტა ნდიაეს სძლია, ნახევარფინალში კი ისრაელელი თიმნა ნელსონ ლევი დაამარცხა.
ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია – გუშინ ევროპის ჩემპიონობა გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ) იზეიმა.
ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
