განათლების მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში არსებული ქართველოლოგიის პროგრამის წარმომადგენელთან, პროფესორ სტივენ ჯონსთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შეხვედრაზე მხარეებმა ქართველოლოგიის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს და პროგრამის გაფართოების მიმართულებით სამომავლო გეგმები დასახეს.
შეხვედრის ფარგლებში ბაია კვიციანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქართული ენისა და ლიტერატურის საერთაშორისო ხილვადობის გაზრდის მნიშვნელობაზე. მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს უცხო ქვეყნის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართველოლოგიის ცენტრების დაფუძნებასა და ფუნქციონირებას.
თავის მხრივ, სტივენ ჯონსმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის და სამინისტროსთან თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.



