ევროპული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩრდილოეთ მაკედონიაში საზეიმოდ გაიხსნა – ასპარეზობას საქართველოს 36 ახალგაზრდა სპორტსმენი იწყებს

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში საზეიმო ცერემონიით გაიხსნა ევროპის ზაფხულის XVIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ცერემონიას ტრადიციულად დელეგაციების აღლუმი, სპორტსმენებისა და მსაჯების ფიცი, ოლიმპიური დროშის აღმართვა და ოლიმპიური ცეცხლის დანთება ახლდა.
ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ჩვენი დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. საქართველოს მედროშეები გახსნაზე ძიუდოისტი გიორგი მუმლაძე და ტყვიის მსროლელი ლიზი აღნიაშვილი იყვნენ.
21-დან 26 ივლისის ჩათვლით, ფესტივალზე 49 ქვეყნის 3000-ზე მეტი სპორტსმენი 15 სპორტის სახეობაში იასპარეზებს. საქართველოდან ასპარეზობაზე 36 ახალგაზრდა სპორტსმენი ჩაერთვება ცხრა სახეობაში: ძიუდო, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა, ცურვა, ტყვიის სროლა, ველოსპორტი, ტაეკვონდო და სპორტული ტანვარჯიში.

შეჯიბრებები ძირითადად სკოპიეში გაიმართება, რამდენიმე სახეობა — კუმანოვოში, მხატვრული ტანვარჯიში კი ხორვატიის ქალაქ ოსიეკში.
სპორტული ბრძოლები 21 ივლისს დილიდან დაიწყება. პირველივე დღეს საქართველოს სახელით ასპარეზობას შვიდი ახალგაზრდა სპორტსმენი დაიწყებს: ბადმინტონში — დანიელ ვაგარშაკიანი და ქეთევან წამალაიძე; ცურვაში — ანასტასია მიქელაშვილი და სალი შჩერბაევა; სიგრძეზე ხტომაში — ლიზი მუღალაშვილი; ტყვიის სროლაში — სანდრო ხოსიტაშვილი და ლიზი აღნიაშვილი.
Regionnews-ი წარმატებებს უსურვებს ქართველ ახალგაზრდებს!