ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 11 ევროპული ქვეყნის 37 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 50-ზე მეტი წარმომადგენელი ეწვია
თსუ რექტორის მოადგილის, პროფესორ ერეკლე ასტახიშვილის თქმით,
ინტერნაციონალიზაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთ
მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. პერსონალის საერთაშორისო კვირეული,
რომელიც უკვე ტრადიციულად იმართება თსუ-ში, საერთაშორისო საუნივერსიტეტო
თანამშრომლობის განვითარების კარგი საშუალებაა.
„ლილის უნივერსიტეტი თსუ-სთან დიდი ხანია თანამშრომლობს. ყოველწლიურად იზრდება იმ სტუდენტთა რიცხვი, რომლებიც მობილობით ჩამოდიან ლილის უნივერსიტეტში თსუ-დან და პირიქით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ორიენტირებულია ინტერნაციონალიზაციაზე და ვიმედოვნებ, ამ ღონისძიების შედეგად, ჩვენს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა ლილის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) საერთაშორისო ურთიერთობის ოფისის ხელმძღვანელმა ვერონიკა ლეველმა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პერსონალის საერთაშორისო კვირეული, თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით, 2017 წლიდან იმართება.




