ევროკავშირის ახალი სასაზღვრო სისტემა – EES: არაევროკავშირის მოქალაქეებისთვის ციფრული შესვლა/გამოსვლის რეგისტრაცია ამოქმედდა
ევროკავშირმა არაევროკავშირის ქვეყნებიდან მგზავრებისათვის ახალი ციფრული სასაზღვრო რეგისტრაციის პლატფორმა – Entry/Exit System (EES) დანერგა. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
აეროპორტის ცნობით, პასპორტებზე ბეჭდის დასმა სრულად ელექტრონული პროცედურით შეიცვალა, ხოლო ყველა საჭირო მონაცემის დაფიქსირება EES სისტემის საშუალებით ხდება.
„ევროკავშირმა გააუქმა მგზავრებისთვის წინასწარი ონლაინ რეგისტრაციის აუცილებლობა. ყველა საჭირო ინფორმაცია საზღვარზე, სპეციალური დახლის ან მესაზღვრის დახმარებით ფიქსირდება,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ახალი სისტემა 2025 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა და 2026 წლის 10 აპრილამდე ევროკავშირის ყველა 29 ქვეყანაში სრულად დაინერგება.
ქუთაისის აეროპორტის ინფორმაციით, EES მიზნად ისახავს:
- საზღვარზე რიგების შემცირებას,
- უსაფრთხოების გაძლიერებას,
- არაევროკავშირის მოქალაქეებისთვის შესვლისა და გამოსვლის პროცესის გამარტივებას.