დარახველიძე: ავარიების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 9 თვეში 41 ერთეულით, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 637-ით გაიზარდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საქართველოში გზებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება. მისი თქმით, გასული წლის 9 თვესთან შედარებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 41-ით, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 637-ით არის გაზრდილი.
დარახველიძის განცხადებით:
- 2024 წელს ავარიების შედეგად 7 587 ადამიანი დაშავდა, ხოლო 444 დაიღუპა.
- 2025 წლის 9 თვეში 6 041 დაშავებულია, ხოლო 345 ადამიანი გარდაიცვალა.
- ავარიების რაოდენობა 373 შემთხვევით გაიზარდა.
ის აღნიშნავს, რომ ყველაზე ხშირი მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა, რომელზეაც გასულ წელს მილიონ-ნახევარზე მეტი ჯარიმა დაიწერა.
ევროპასთან შედარებით, საქართველოს მაჩვენებელი უკიდურესად მაღალია – 100 ათას მოსახლეზე 11 გარდაცვლილი, მაშინ როცა საუკეთესო ევროპული მაჩვენებელი 2–3-ს შეადგენს.