დაინტერესებული მხარეები 26ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი უსაფუძვლო ბრალდებების დადასტურებას ცესკოს გადაწყვეტილებების მანიპულაციური ინტერპრეტირებით ცდილობენ

ამჯერად საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმის საბაბი ცესკოს გადაწყვეტილება გახდა, რომლის თანახმადაც განხორციელდა სხვადასხვა საარჩევნო დოკუმენტაციის დიზაინის მოდიფიცირება, მათ შორის ხმის მთვლელი აპარატის ბიულეტენისთვის განკუთვნილი ჭრილისთვის საფარის დამატება. გარკვეული პირები ცდილობენ აღნიშნულის ინტერპრეტირებას 26 ოქტომბრის არჩევნებზე თითქოსდა არსებული დარღვევების აღიარებად.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს ფარულობის დარღვევებზე უსაფუძვლო ბრალდებების აღიარებას. განკარგულებით საარჩევნო ადმინისტრაციამ პრევენციული გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად.

საზოგადოებისთვის გვსურს განვმარტოთ, რომ გასულ არჩევნებზე დაფიქსირდა ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ საარჩევნო პროცედურებზე დაკვირვების, ფოტოვიდეოგადაღებისა და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონის დარღვევით განხორციელების არაერთი ფაქტი, რამაც ხელი შეუწყო ხმის ფარულობის საკითხის სპეკულაციურად წამოჭრას.

სწორედ ამ ფაქტების შესწავლის შემდეგ ადმინისტრაციამ, როგორც საარჩევნო პროცესზე პასუხისმგებელმა ინსტიტუციამ, მიიღო სამართლებრივი აქტები მომავალში მსგავსი ტიპის სპეკულაციების და ქმედებების პრევენციის მიზნით. თუმცა დაინტერესებულმა მხარეებმა სცადეს დადგენილება, რომლითაც დაზუსტდა კენჭისყრის დღის პროცედურები, დაკვირვების პროცესის შეზღუდვად წარმოეჩინათ, ხოლო განკარგულება, რომელიც ხმის მთვლელი აპარატის ბიულეტენისთვის განკუთვნილ ჭრილზე საფარის დამაგრებას უზრუნველყოფს – ფარულობის დარღვევის აღიარებად.

#ცესკო

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading