პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ფოტოგრაფების საქმე“ განიხილა
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ფოტოგრაფების საქმეზე“ სამი პირის ახსნა-განმარტება მოისმინა.
გიორგი აბდალაძის განცხადებით, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის დროს მისი და მისი კოლეგების მიერ მომზადებულ ფოტო-რეპორტაჟს საერთაშორისო მედიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. როგორც მან აღნიშნა, სწორედ ამის გამო, იმავე წლის 7 ივლისს, ღამის 3 საათზე, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები სახლში შეუვარდნენ, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ცრუ ბრალდებით დააკავეს, რაც მოგვიანებით ფსიქოლოგიური ზეწოლისა და წამების შედეგად აღიარებინეს.
გიორგი აბდალაძემ დეტალურად ისაუბრა გლდანის საპყრობილეში პატიმრების მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე. მისი შეფასებით, გლდანის ციხე იყო „საკონცენტრაციო ბანაკი, სადაც ადამიანებს აწამებდნენ და ანადგურებდნენ“.
მისივე თქმით, ხელისუფლება ბოლომდე უარყოფდა, რომ ის და მისი კოლეგები 26 მაისს გადაღებული ფოტოების გამო იყვნენ დაკავებული.
გიორგი აბდალაძის განცხადებით, მას აბრალებდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროდან, სადაც ის კონტრაქტით მუშაობდა, გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტის მოპარვას და გადაგზავნას.
მისი თქმით, უმსხვილესმა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოებმა, ფოტოგრაფების დაკავების გამო, საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას პროტესტი გამოუცხადეს და დაბლოკეს, რამაც იძულებული გახადა ხელისუფლება ფოტოგრაფები ციხიდან გამოეშვა.
გიორგი აბდალაძემ ასევე აღნიშნა, რომ 26 მაისის აქციის დარბევის დროს სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები სასტიკად უსწორდებოდნენ არა მარტო მომიტინგეებს, არამედ ჟურნალისტებსაც.
„ფოტოგრაფების საქმეზე“ კომისიას ახსნა-განმარტებები ირაკლი გედენიძემ და მისმა მეუღლემ, ნათია გედენიძემ მისცეს.
ირაკლი გედენიძის განცხადებით, ის საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურში და საინფორმაციო სააგენტო „როიტერში“ შტატგარეშე ფოტოგრაფად მუშაობდა.
როგორც მან აღნიშნა, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის დროს მის მიერ გადაღებული და „როიტერით“ გავრცელებული ამ ფოტოების გამო ის და მისი მეუღლე დააკავეს.
ირაკლი გედენიძის განცხადებით, იგი ჯაშუშობის ცრუ ბრალდებით იყო დაკავებული, რაც ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის გამო აღიარა, რის შემდეგაც მისი მეუღლე გაათავისუფლეს.
მან ასევე ისაუბრა დაკავების შემდეგ, მათ შორის, „მოდულის“ შენობასა და გლდანის ციხეში ყოფნის პერიოდში მის მიმართ განხორციელებულ ცემისა და წამების ფაქტებზე.
ნათია გედენიძემ კომისიისთვის ახსნა-განმარტების მიცემის დროს ყურადღება გაამახვილა „მოდულის“ შენობაში მისი დაკითხვის პროცესზე.
როგორც მან აღნიშნა, დაკითხვის დროს მის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა და შანტაჟი განხორციელდა, რის გამოც მან სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის სასურველი აღიარებითი ჩვენება მისცა.
ნათია გედენიძის განცხადებით, 2018 წელს გამამართლებელი განაჩენის შემდეგ დღის წესრიგში მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი დადგა. მისივე თქმით, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ფსიქოლოგიური შემოწმებისას დასკვნაში ჩაიწერა, რომ 12 წლის შემდეგ მორალური ზიანისა და ტკივილის კვალი პრაქტიკულად უცვლელი იყო.
სხდომის დასასრულს, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ გუშინ პარლამენტმა კომისიას უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუგრძელა.
„ეს არის სულ მცირე ის დრო, რაც ჩვენ კიდევ გვჭირდება დაზარალებულებთან სასაუბროდ, ყოფილი თანამდებობის პირებთან სამუშაოდ იმისთვის, რომ დასკვნა შედგეს და რეჟიმი შეფასდეს. ჩვენი დასკვნა უნდა იყოს ერთ-ერთი საფუძველი და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება წონადი საფუძველი იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და უკვე შემდგომში დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც სხვადასხვა პარტიის სახით მოგვევლინა, აიკრძალოს და ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდეს უკან. ჩვენი ამბიციაა, რომ როდესაც დავტოვებთ პოლიტიკურ სცენას, ჩაგვანაცვლონ ჩვენზე უკეთესმა პოლიტიკოსებმა და ქვეყანაში იყოს განვითარების დინამიკა და არა უკუსვლა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.












