„გიგა იყო უმწიკვლო, მკვლელები მანიაკები იყვნენ“ – ავალიანის დედა პროკურატურის გამოძიებაზე
თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს – ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს – ჯგუფური ძალადობის სხვა ფაქტებშიც ედავებიან. საუბარია ძალადობის კიდევ ხუთ ეპიზოდზე.
პროკურატურამ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ასახულია ბრალდებულების მონაწილეობით ჩადენილი ჯგუფური ძალადობის სხვა შემთხვევები; მასალაში ჩანს ალექსანდრე გაბაშვილი სხვადასხვა სახის იარაღით.
მოკლული 28 წლის მასწავლებლის დედამ, ეკა კუპატაძემ, გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა და დაზარალებულთა მშობლებს მიმართა, აღნიშნავს რა, რომ მისი შვილი უდანაშაულო იყო და მომხდარზე დროული რეაგირება შესაძლოა ტრაგედიას აერიდებინა.
,,შოკი მაქვს ხალხო, არ შემიძლია. ვიცი, რომ თქვენც შოკი გაქვთ. მადლობა პროკურატურას.ვიცოდი როგორი შვილი მყავდა, ამიტომ არ დავიხიე უკან,პროკურატურავ, მადლობა! აი, რა მაყვირებდა! გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები! ამას რატომ ითმენდით დიდ დიღომში!“-აცხადებს ვიდეო მიმართვაში გიგა ავალიანის დედა.