გარემოს დაცვის სამინისტრო გზებზე გამონაბოლქვის კონტროლს აძლიერებს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება პრიორიტეტული მიმართულებაა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებს.
ტარიელ ირემაძის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის განცხადებით:
- 2023 წლიდან დეპარტამენტი ქვეყნის ოთხ დიდ ქალაქში ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს.
- კონტროლში ჩართული ეკიპაჟები გადამზადებულ თანამშრომლებზე დაკომპლექტდა და აღიჭურვა ევროპული ტიპის სპეციალური ხელსაწყოებით.
- მიმდინარე წლის 11 თვეში გამოვლენილია 5 ათასი სამართალდარღვევა, თუმცა დეპარტამენტის მიზანი არა დაჯარიმებაა, არამედ ქალაქებში გამონაბოლქვის შემცირება და ჰაერის გაჯანსაღებაა.
- ინფორგამების გავრცელება ხილული გამონაბოლქვის მავნე ზემოქმედების შესახებ დაეხმარა, რომ ცენტრალურ უბნებში ასეთი მანქანების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულიყო.
დეპარტამენტი ასევე ახორციელებს საწვავის სინჯების აღებას ბენზინგასამართ სადგურებზე და ლაბორატორიულ კვლევას. ბოლო წლებში საწვავში მძიმე ნივთიერებების, მათ შორის ტყვიის შემცველობა არ დაფიქსირებულა.
„ჩვენი მთავარი მიზანია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, ქალაქებში გარემოს დაცვის ეფექტური კონტროლის გაძლიერება და მოქალაქეებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა“, – აღნიშნა ტარიელ ირემაძემ.