გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 300-მდე ახალგაზრდას სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები 300-მდე ახალგაზრდას სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს.
როგორც სამინისტროს პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, უწყებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და მოთხოვნადია დეფიციტური სპეციალობები – ჰიდროლოგია, გეოლოგია, სურსათის უვნებლობა და ვეტერინარია.
„პრემიერ-მინისტრის ეს ინიციატივა ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუდმივად სჭირდება დეფიციტური მიმართულების სპეციალისტები, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და შემდგომში დასაქმდნენ ჩვენს სისტემაში,“ – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.