გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვემო ქართლსა და კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ქვემო ქართლსა და კახეთის რეგიონებში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევების სამი შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა — კერძოდ, სოფელ ფოლადაურისა და ტალავერის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე. მოქალაქეებმა რცხილის სახეობის 16 ძირი ხე უკანონოდ მოჭრეს და მისგან დამზადებულ საშეშე მასალას გადაადგილებდნენ.

კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარა ჩაილურის მიმდებარედ, სადაც მოქალაქე წიფლის სახეობის ხე-მცენარეებისგან დამზადებული საშეშე მასალის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა.
საერთო ჯამში, ამოღებულია 20 კუბურ მეტრამდე მოცულობის ხე-ტყე. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი ადმინისტრაციული დოკუმენტაცია და მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში სამართლებრივი რეაგირების მიზნით.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან პატრულირებას ახორციელებს. უწყება ასევე მყისიერად რეაგირებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე — 153 — შესულ თითოეულ შეტყობინებაზე.