„Starring Georgia“ ფილარმონიის შენობის სრულ რეაბილიტაციასა და მოდერნიზაციას იწყებს
„Starring Georgia“ ფილარმონიის შენობის სრული რეაბილიტაციისა და ტექნიკური განახლების პროცესს იწყებს. პროექტი დაინერგა შენობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით და ის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, კულტურის სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
საკონცერტო დარბაზი უკვე წლებია მოძველებულია და ინფრასტრუქტურა ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, რის გამოც შენობას არ აქვს შესაძლებლობა უმასპინძლოს მაღალი სტანდარტის ღონისძიებებს. რეაბილიტაციის შემდეგ, ფილარმონია დაბრუნდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მთავარი საკონცერტო სივრცედ და კვლავ შეასრულებს თბილისის მთავარი კულტურული ცენტრის ფუნქციას.
შენობის განახლების პროექტი მოიცავს როგორც ავთენტური იერსახის შენარჩუნებას, ასევე შიდა სივრცის გარემონტებასა და ტექნიკური აღჭურვის სრულ მოდერნიზაციას. ფილარმონია აღიჭურვება უახლესი ხმისა და განათების სისტემებით, რაც შესაძლებელს გახდის უმასპინძლოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ღონისძიებებს.
პროექტის ფარგლებში ფილარმონიაში განთავსდება ხმის ჩამწერი სტუდია, სახელოსნო სცენის მხატვრებისთვის, სკოლა კრეატიული ინდუსტრიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, ექსპერიმენტული სცენა, სოციალური სივრცე და ფილარმონიის მუზეუმი.
„Starring Georgia“-ს წარმომადგენლების თქმით, პროექტი ხელშესაწყობია ქვეყნის გასართობი ინდუსტრიის განვითარებას, არტისტების თვითრეალიზაციასა და პროფესიულ ზრდას, შემოქმედებითი მრავალფეროვნების გაზრდას და ახალ პლატფორმას შექმნის ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებისთვის.
ამასთან, იწყება პროექტი „ფილარმონია დროის კადრები“, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს შენობაში შემორჩენილი ღირებული აუდიო, ვიდეო და დოკუმენტური მასალების აღრიცხვა და გაციფრულება. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ფილარმონიის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და მისი ისტორიის ახალ თაობაზე გადაცემას.
ფილარმონიის შენობა „Starring Georgia-ს“ ეკოსისტემის ნაწილი 2024 წლიდან გახდა და განახლებული სივრცე ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის, რაც ხელს შეუწყობს ინკლუზიური გარემოს შექმნას.
„Starring Georgia“ ქვეყანაში უკვე 3 წელია წარმატებით ფუნქციონირებს და საქართველოს გასართობი ინდუსტრიის რუკაზე მსოფლიო დონის არტისტების ჩამოყვანით ისტორიული შედეგები აქვს: ორგანიზებული კონცერტების მაყურებელთა რიცხვი 200 000-ს აჭარბებს, ხოლო უცხოელი ტურისტების რაოდენობა 40 000-ს გადაცდა. მათ უმასპინძლეს ისეთ არტისტებს, როგორებიც არიან Guns N’ Roses, Bruno Mars, Imagine Dragons, Justin Timberlake, Scorpions, The Killers და სხვები.