გარდაბნის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
სოფელ გამარჯვებაში ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება როგორც შენობის შიდა, ისე გარე სივრცეები. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, სოფლიდან გაუსვლელად, თანამედროვე და მოწესრიგებულ გარემოში მიიღოს მუნიციპალური მომსახურებები.


მუნიციპალიტეტში ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ამ მიზნით, მარტყოფის ადმინისტრაციულ ერთეულში ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადებისა და სახურავების სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. პროექტი ხელს შეუწყობს შენობების მდგრადობის გაზრდას და სოფლის ურბანული გარემოს გაუმჯობესებას.
პარალელურად, მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და საერთო სარგებლობის სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები. სართიჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში ამ ეტაპზე 676 მეტრი სიგრძის შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.


სოფელ მუღანლოში კი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე 5 370 კვადრატული მეტრი ფართობის შიდა ეზოების ასფალტირება იგეგმება, რაც ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას უფრო კომფორტულსა და უსაფრთხოს გახდის.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო მათი საერთო ღირებულება 1 396 737 ლარს შეადგენს.


სამუშაოების მიმდინარეობას დავით კარგარეთელთან და ილია ჯალაღანიასთან ერთად გაეცნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რამაზ ბუდაღაშვილი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.



